PROPRIETA PRIVATA

საუბრები ყველაფერზე და არაფერზე…

მანამ სანამ ბევრი გახდება ნული April 26, 2012

ჩავბარგდი თითქმის. ჩემს ფრენამდე დარჩა 16 საათი, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლამდე 24 საათზე მეტია. გულახდილად რომ ვთქვა სწორედ ეს მგზავრობა მკლავს. არ შეიძლება რომ დამეძინოს და პირდაპირ სახლში გამეღვიძოს?! როგორც ჩანს არა…

ამ დღეს რამოდენიმე თვეა ველოდები. ზოგადად, სახლში ჩამოსვლა ძალიან მიხარია ყოველთვის (და რა გიჟი ვარ ეხლა რომ ამას ვწერ – ისედაც ეგრე უნდა იყოს, ხო?!). მაგრამ არა მარტო მიხარია, არამედ ამაზე ვსაუბრუბ ღიად… ყველამ იცოდა რომ ბილეთები დავჯავშნე, ყველა ითვლიდა ჩემთან ერთად წასვლის დღეებს, და არავინ მეკითხებოდა სკაიპში რისი “ქაუნთდაუნია” …

და როგორც იქნა ჩემი “ქაუნთდაუნი” 80+ დან 2ზეა ჩამოსული… და რას ვგრძნობ?

გულახდილად? – გადაღლილი ვარ. ყველანაირად. ემოციურად, მენტალურად, ფიზიკურად…

მაგრამ ამას მოევლება იმედია… სამი ახალი რამ მელის საქართველოში, – არა ოთხი.

- ფეხმძიმე და… ჰოო, პატარა დისშვილი მეყოლება ჩემი დაბადების დღისთვის :) (დეიდას დაემსგავსება იმედია! :) )

- გათხოვილი დაქალი… ან უფრო სწორად, რომ ვთქვათ – გავათხოვებ დაქალს…

- ახალი სამუშაო – ტექნიკურად სამსახური იგივეა, მაგრამ ახალ დავალებაზე მომიწევს მუშაობა და ვიცი დავიღლები, შემეშინდება, დავისტრესები – მაგრამ ახალი დავალებები ძალიან მიხარია :) შეგრძნება რომ შენს საქმეს აკეთებ – უუუმაგრესია :)

- და შენ — განგებ მოგიტოვე ბოლოს …

ისევ პირველ პაემანზე მივდივარ, ოღონდ უცნაურია მას პირველი ვუწოდო… არა, პირველის გარდა ყველაფერია ალბათ. მაგრამ, მაინც საშინლად ვღელავ… თითქოს ისევ 15 წლის ვარ (არადა გავიზარდე და დიდობას ვიბრალებ). აქამდე თუ აღფრთოვანებული ვიყავი, ეხლა ძალიან ვღელავ… იცი ეგ, (ამასაც ნახავ ალბათ,) და იმედია, ჩემს აბდა-უბდა ლაპარაკს, მორცხვ ქცევას, გაქცეულ თვალებს, და ცანცარს ჩემს წინააღმდეგ არ გამოიყენებ :)

დანამდვილებით ვიცი, რომ ყველაფერი შესანიშნავად იქნება… უფრო მეტიც – ზღაპრულად იქნება ყველაფერ…

მაგრამ იქამდე ვღელავ და მანამ სანამ ბევრი გახდება 0 – მე მეშინია…

 

 

 

და აღარ იქნება სიტყვები… April 18, 2012

შენ ეხლა მუშაობ… მე კი გიყურებ… დასაძინებლად არ მიშვებ…

ასეთი მომენტები, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად შენს საქმეში ხარ ჩაფლული და მე ყურადღებას არ მაქცევ, მაინც ძალიან მომწონს…

რატომ?

ასევე მომწონს ისეთი მომენტები, როდესაც ნახევრად მძინარე, ხანაც, უფრო სწორად, მართლაც რომ მძინარე – მე ან შენ, ერთმანეთს ვუყურებთ… მერე რა რომ ხანდახან ჩაგვეძინება კიდევაც…

რატომ?

პასუხი ძალიან მარტივია… ალბათ, ასეთ წუთებში იმაზე უფრო მეტად ახლოს ვართ ერთამენეთთან, ვიდრე ოდესმე შეიძლება ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ მაინც ასე შორს ვართ…

და, ეს ყველაფერი იმიტომ რომ, ორივემ ვიცით თუ  რაზე ვფიქრობთ ასეთ დროს  - ჩვენთვის ვართ, – ერთად ვართ და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი… და სურვილი, – სურვილი იმისა, რომ არ იყოს ეს მანძილი – ალბათ, სწორედ მაშინ გამოიხატება ასე ხელშესახებად, დანარჩენ დროს ხომ ეს უბრალოდ სიტყვებია, რომელიც წარმოთქმისთანავე ცაში აიჭრებიან…

ჩემთან ეს ცა ძალიან ლამაზია, თანაც ამ ბოლო დროს – სამფერი, ესე ვეძახი მე მას… ვარდისფერ-ატმისფერ-სტაფილოსფერი პირველი ფენით, რომელიც ეკვრის დეკემბრის პირველად მოსული ქათქათა თეთრი თოვლისფერ ჰაეროვან ღრუბლებს, რომლებიც თავის მხრივ ალაგ-ალაგ ფარავენ უნაკლოდ ცისფერ, შებინდებისას კი მუქ ლურჯ ცას… შენთან კი შენი ცა არ ვიცი რა ფერია… ჩემთვის შენი ცა მწვანეა… სწორედ ისეთივე როგორიც შენი თვალებია, ოთახის შუქზე ძალიან მკაფიოდ რომ მწვანდებიან ის მწანე თვალები… რომელბიც ხანდახან მეც მიყურებენ… ხანაც მაბნევენ კიდეც… და ჩუმად მპირდებიან, რომ მალე იმ საღამოს ცაზე მთვარე რომ გამოანათებს, ისინი მე მასზე დიდ მზეს დამანახებენ…

და რას ვამბობდი, ჰო, რომ მხოლოდ სიტყვებია ჯერჯერობით იმ საღამოს ცაზე მზის ერთად დანახვის სურვილი, სიტყვები რომლებსაც ვერც მე ვერ გიმტკიცებ, და ვერც შენ… მაგრამ ორივეს გვჯერა… და ამ სიტყვების გულწრფელობის რწმენაა, რაც მართლაც დაგვანახებს იმ მზეს იმ საღამოს იმ ლამაზ ცაზე, როდესაც მე და შენ მას ერთად დაველოდებით… და აღარ იქნება სიტყვები…

 

ჩემი პირველი დათუნია March 9, 2012

ძალიან დატვირთული დღე მელოდა.  წლის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებამდე და საბოლოო ორგანიზატორული შრტიხების დასრულებამდე სულ რაღაც 24 საათი მრჩებოდა.

მიუხედავად იმისა რომ დღეს 8 მარტია, უნგრეთში ეს დღე არ არის დასვენება… რომც ყოფილიყო, მე მაინც წავიდოდი სამსახურში, მიზეზი უკვე მოგახსენეთ…

ასეთი  ”უნდა ვიმუშავო” ტალღაზე გაგვიძებულს კი საკმაოდ ემოციური დილა მელოდა წინ…

პატარა ბოთე

დღეს ჩემი პირველი დათუნია მომიტანეს. შენგან… გარდა იმისა რომ პირველია, ყველაზე სასიამოვნო მაინც ის არის, რომ შენგან არის… ასეთი განსაკუთრებული იმიტომ არის,  რომ შენგან არის… 3000-ზე მეტი კილომეტრის მოშორებით მყოფი შენგან… <3

ვიცი ამას წაიკითხავ, როგორც ყოველთვის, ისიც ვიცი, სავარაუდოდ, კორპორატიული ქეიფი უკვალოდ არ ჩაივლის, ამიტომ მინდა რომ ეს პოსტი იყოს შენი “თავი მისკდება” დილის ღიმილის მომგვრელი ნაწილი…

არ ვიცოდი შენნაირი “გიჟები” კიდევ თუ არსებობდნენ, რატომღაც მეგონა, რომ გადაშენდნენ რაინდობის ხანასთან (ან დინოზავრებთან) ერთად… უფრო მეტიც, არ მეგონა თუ შენნაირი გიჟი ჩემნაირ გიჟს გადაეყრებოდა… ადრეც გითხარი, ყველაზე მეტად ის მომწონს, როდესაც ასეთი ყურადღებიანი, მგრძნობიარე და საყვარელი ხარ.  ალბათ, ასეთი “შენს” გამო, სავსე მთვარეს რომ “შეჰყმუი” პერიოდულად იმ “მგელსაც” მიგიღებ… :)

ცხოვრება უამრავი მოვლენით არის სავსე, კარგითაც და ცუდითაც – შავ-თეთრია და ამით მე ახალი არაფერი მითქვამს. როდესაც შავი ზოლის დრო დგება, ძალიან განვიცდით და ისე ვბრმავდებით, რომ მასში ვერაფერს კარგს ვერ ვხედავთ, იმასაც კი ვერ ვხედავთ, რომ შავის მერე მუდამ თეთრი მოდის. რაც უფრო უკეთ გეცნობი, მით უკეთ ვხედავ ყველა იმ შავის არსებობის დანიშნულებას… უფრო სწორად, უკვე ის შავიც არც ისეთი შავია, იმიტომ რომ გამოვლილია და იმიტომ რომ თეთრს უკეთ ვარჩევ… და მინდა სულ ესე იყოს.

ვიცი რომ შავი ზოლები კიდევ ბლომად იქნება, ისიც ვიცი, რომ არც ისეთი გაციკროვნებული და ფითქინა თეთრია ის ზოლი ახლა რომ არის … მაგრამ ძალიან მალე ყველაფერი თავის თეთრ თაროზე დალაგდება და ჩვენც კიდევ უფრო გაგვიხარდება (50)  :)

ჩემი პირველი დათუნია – მას მე “პატარა ბოთე” დავარქვი… :) რადგან რაღაცით ისეთივე საყვარელია, როგორც “დიდი ბოთე” – თუმცა, ეს უკანასკნელი მაინც სჯაბნის :)

მადლობა, რომ დღე გამილამაზე!

 

HERE, (t)HERE, (anyw)HERE… March 4, 2012

ყველაზე მეტად სენტიმენტალური მაშინ ვარ, როდესაც გემშვიდობები!

მაშინ ვხვდები, რომ რამდენი ხანიც არ უნდა იყოს, უბრალოდ არ მყოფნის შენთან ურთიერთობა და კიდევ უფრო მეტი მინდა.  თან მარტმაც შემოაბიჯა ჩვენს ყოველდღიურობაში და ყოველ დილით, როდესაც სამსახურში მივდივარ, მხოლოდ ერთი რამ მინდა – ჩიტების ჭიკჭიკს შენც ჩემთან ერთად ისმენდე…

ამას გადავაწყდი, და გამეღიმა, როგორღაც მენიშნა, შენც გენიშნება… დღეში რამდენჯერ ვფიქრობთ ამაზე, ღმერთმა იცის:

I wish that you were here

or that I were there,

or that we were together anywhere!

ხანდახან კი არადა, ყოველთვის და ძალიან ხშირად, ბევრ რამეს დავთმობდი, ოღონდაც ის 1 საათი მაინც მქონდეს შენთან პარკში სასეირნოდ… მაგრამ ადრე თუ გვიან, ყველაფერი იქნება, პარკიც, საათებიც, მეც და შენც… ბუშტებიც, კანფეტებიც…

მერამდენედ აღარ მახსოვს… თან არა უკანასკნდელად გეტყვი, იცი, მაგრამ მაინც გავიმეორებ – პატარა, შენთან მინდა…

 

მებედნიერები… February 23, 2012

ალბათ  5 წუთია რაც ჩაგეძინა…

მე კი ხვალ გერმანიაში (და არა საფრანგეთში :) ) მივდივარ! და არ მინდოდა წასვლა “სურპრიზის” გარეშე. თანაც, როდესაც სურპრიზი დღევანდელ დღეს ემთხვევა :)

ჯერ პატარები ვართ, მაგრამ გავიზრდებით :) და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს და დღეს გვინდა რომ იყოს :)

ყველაფერი კი დაახლოვებით ასე დაიწყო:

” სიბნელეში შენი ნაკვთები იხატება. სახე არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ კეთილი თვალები გაქვს.
იმედი მაქვს, რომ ეგ თვალები გამიღიმებენ, როცა შემომხედავ, და მეც ღიმილით გიპასუხებ.
 
ხშირად ვფიქრობ შენზე ეს დღეებია, და პირველი კითხვა რაც თავში მომდის ამგვარად ჟღერს: როგორ მომაჯადოვე?”

კიდევ შენი ჯადოს მოქმედების ქვეშ ვარ… და მინდა სულ ასე იყოს…

ხანდახან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს ყველანაირი იმედი გადაეწურება და აღარაფრის სჯერა – დგება ბნელი მომენტი. მომენტი, როდესაც მას ჰგონია, რომ ფრენა აღარ შეუძლია და რომ ფრთები საბოლოოდ წაართვეს…
და სწორედ მაშინ, სიბნელეში, ისევე როგორც გვირაბის ბოლოს, ჩნდება სინათლე…
შენ ხარ სინათლე, შენ ხარ ადამიანი, რომელმაც გამახსენდა როგორ უნდა ვიფრინო… და რომელმაც ამ ფრენისთვის საჭირო ფრთები მაპოვნინა…

პატარა, მე დავბრუნდები სულ რაღაც 4 დღეში — მაშინ, როდესაც 65-ს მაგივრად 61 იქნება… მებედნიერები…
თბილად იძინე!

 

Happy Valentine’s Day! February 14, 2012

დღეს ბევრი ლაპარაკი და წერა არ მინდა.

ინტერნეტში ამ ფრაზას გადავეყარე და გავიზიარე:

I don’t pretend to know what love is for everyone, but I can tell you what it is for me; love is knowing all about someone, and still wanting to be with them more than any other person, love is trusting them enough to tell them everything about yourself, including the things you might be ashamed of, love is feeling comfortable and safe with someone, but still getting weak knees when they walk into a room and smile at you.

ასეთ, სიყვარულს გისურვებთ ყველას!

Happy Valentine’s Day!
 

ტკბილი ძილი! February 8, 2012

შენ ეხლა გძინავს. უფრო სწორად, ჩემზე ფიქრობ და დასაძინებლად ემზადები.

ტკბილი ძილი გისურვე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მინდოდა შენი გაშვება.

შეგპირდი, რომ დავიძინებდი მეც. მაგრამ ვწერ, თუ ამას წერა ჰქვია… ისევ ვაგრძელებ შენთან საუბარს, უბრალოდ, ამჯერად, ჩემს გონებაში. თან ვიცი, დილით ამას ნახავ.

…და გაგიხარდება (იმედია).

…და გაგეღიმება (იმედია).

და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, თუ რა დიდი სიგიჟეა ეს ყველაფერი, და ჩვენ ამ სიგიჟეში ვართ მთავარი გიჟები.

როგორც ეს უკვე გითხარი: უბრალოდ, მიხარია რომ ხარ!

ტკბილი ძილი!

მხოლოდ ერთი ისარი ... <3

 

Happy Post January 30, 2012

როდესაც გიხარია ახალი დღის დაწყება...

 

რადგან იცი, რომ ეს დღე ბუშტებივით ფერადი იქნება...

 

 

როდესაც ყველაფერი 180 გრადუსით შემობრუნდება...

 

იმიტომ რომ იმედის ქუჩას მიაგენი...

 

გეღიმება...

 

და ხვდები რომ ცხოვრებაც შეიძლება ძალიან მშვენიერი რამ იყოს...

 

სახლი January 14, 2012

ამ დილით (სადღაც დღის 2 საათზე :) ) ფანჯარა გამოვაღე და ქუჩაში გავიხედე…

ხედი ჩემი სახლიდან არც ისეთი მიმზიდველია და არც არასდროს ყოფილა.

ვცხოვრობ ბუდაპეშტის მეექვსე უბანში, აქაური „ჭავჭავაძის/რუსთაველის“ გამზირის პარალელურ ქუჩაზე, მოკლედ ცენტრში. ამ უბანს ძალიან შევეჩვიე, და არც წარმომიდგენია სხვაგან როგორ უნდა ვიცხოვრო – ამიტომ ამ ბინიდან გადასვლის საკითხი ძალიან რთული თემაა…

მაგრამ დღეს ჩემს უძრავი ქონების პრობლემებზე სასაუბროდ არ მოვიმარჯვე ვირტუალური კალამი. სახლზე მინდა დავწერო…

უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში არაერთგან მიცხოვრია, ამიტომ „სახლის“ ასოცირება ერთ კონკრეტულ ადგილთან არ მაქვს…

გავიზარდე ბათუმში, კომუნალურ ბინაში, რომელიც ბევრი ვაი-ვაგლახის შემდეგ ძალიან ლამაზ ბინად იქცა, და ამ „სიმალაზემ“ სხვა სისულეებთან ერთად შეიწირა ის რასაც ჰქვია სახლი, ბავშვობა, უდარდელობა…

აღმოვჩნდი თბილისში… თბილისში „ოფიციალური“ სახლის გარდა ბევრი სახლი მქონდა ჩემი უახლოესი მეგობრების საცხოვრებელი ადგილების მიხედვით…

მერე ჩამოვედი ბუდაპეშტში კლასიკური გაგებით სახლი აქაც 2 ან 3 მაქვს… (ამერიკას შეგნებულად ვტოვებ)

ერთი – პირველი ბინა, სადაც ვცხოვრობდი. მეორე – CEU, განსაკუთრებით კი ოთახი MB 201 და ბიბლიოთეკა, შემდეგ ჩემი კაბინეტი – ოთახი 506, და მესამე – ბინა, რომელშიც უკანასკნელი 2 წელია ვცხოვრობ.

ამ დილით კი სწორად ამ „სახლის“ დეფინიციაზე დავფიქრდი… უფრო კონკრეტულად კი იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფანჯრიდან დანგრეული სახლი ჩანს, რომელიც ოდესღაც „ფარკინგ ლოტში“ გადაიზრდება, ჩემი ფანჯრის წინ ჩემხელა ქუჩის ლამპაა, რომელიც ღამე ხშირად ნერვებს მიშლის იმიტომ რომ არ მაძინებს, თავად ქუჩა ჯმუხი და უღიმღამოა – ეს ყველაფერი მაინც ძალიან მიყვარს… ხშირად მეფიქრება იმაზე, როგორი იქნება შეგრძნება როცა აქედან წავალ… მაგრამ ამაზე ალბათ 2 წელიწადში დავწერ… :)

მაგრამ, ბოლოს საკუთარ თავს დავუსვი კითხვა: ლიკა და მაინც, სად არის შენი „სახლი“?

და მივხვდი, რომ „სახლი“ აქამდე არასდროს მქონია – და დღესაც არ მაქვს!

ჩემი სახლი ჩემს წარმოსახვაშია. არ ვიცი, გენდერის ამბავია თუ უბრალოდ მე ვარ სხვანაირი, მუდამ მეგონა რომ ჩემს სახლს, კერას ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად შევქმნიდი. კონკრეტული ხედვა, თუ როგორი იქნება ეს სახლი არ მაქვს. არ ვარ გაბარიტებზე ორიენტირებული. მკიდია, როგორი პროექტის იქნება, ბინა იქნება თუ კერძო სახლი… დიდი სამზარეულოთი თუ „ბარნი სტოიკით“, სულაც არ მაღელვებს სანზონაში იქნება თუ ვაკეში…

მაგრამ ვიცი, რომ ეს იქნება სახლი, სადაც ყოველთვის გაუხარდებათ მეგობრებს მოსვლა. ეს იქნება სახლი, სადაც საღამოობით იქნება „მუვი ნაითები“, სადაც პარასკევს საღამოს ცეკვისგან დაღლილი მეგობრები შეიკრიბებიან, სადაც მოეწყობა ოჯახური სადილები და გაიშლება საახალწლო სუფრა… სადაც საახალწლო ნაძვის ხის აწყობა არ იქნება მხოლოდ ერთი ადამიანის „შემოჩეჩებული“ „დარჩენილი“ საქმე… კერა, სადაც ყველა თავს იგრძნობს კომფორტულად… ექნება მას ბუხარი? არ ვიცი… შეიძლება ექნება… შეიძლება არც… მაგრამ სითბოსთვის საკმარისი იქნება მასში მაცხოვრებელი ადამიანების თბილი გულები… ეს იქნება სახლი, სადაც სირთულეების მიუხედავად, ყველას ერთმანეთი ეყვარება, სადაც მზად იქნებიან რომ გამოგიწოდონ დახმარების ხელი და მხარში ამოგიდგნენ… რაც მთავარია, ეს იქნება ის სახლი, რომელსაც სიყვარული, გაგება, პატივისცემა და მეგობრობა ექნება საძირკვლად… და რა მნიშნველობა აქვს ის როკოკოს ვაზებით იქნება მორთული, ბალერინების სტატუეტკებით თუ მოდერნ არტის შედევრებით…

ძვირფას ნახატებს ჩავანაცვლებ ჩემი შეგროვილი ნახატებით, რომლებსაც ყველა იმ ქალაქში სადაც ჩავდივარ ამ სახლისთვის ვყიდულობ … თუ საღებავის ფული არ მექნა, კედზლებზე ხეების, ქუჩების, გამვლელების, მეგობრების ჩემს გადაღებულ ფოტოებს დავკიდებ… ჩაის ჭიქებად გამოვიყენებ იმ ჭიქებს, რომლებსაც სუვენირებად მჩუქნიან, ან აქამდე შევიძინე… და ამ ჩიქებით დასალევ ჩაიზე დაპატიჟებული საყვარელი ადამიანები იატაკზეც ყველანი მშვენივრად მოვთავსდებით, თუ სკამები არ მექნება…

ყველაფერი ის კი რაც ეხლაა, დროებითია… და ამ დროებითობის შეგრძნება ხანდახან მკლავს… თავს იმით ვიიმედებ, რომ ჯერ „პატარა“ ვარ… კიდევ იმით, რომ ის ადამიანი ვისთანაც ამ სახლს მოვაწყობ ჰორიზონტზე არ ჩანს… ამიტომ სახლზე ფიქრიც შემიძლია გადავდო… მაგრამ ამ კერასა და იმ სითბოზე, რაც იქ სუფევს კი ნამდვილად ხშირად მეფიქრება… განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარეთ და გულში ისე ცივა, როგორც ახლა ბუდაპეშტში …

 

 

ნოემბერი November 26, 2011

ნოემბერში მხოლოდ ერთი რამ ვითხოვე – Just be in my November! სამყარომ ჩემი თხოვნა შეისმინა – and you were in my November! თვე თითქმის დამთავრდა, და, ალბათ, ყველაფერი ისე გამოვიდა როგორც მინდოდა, დასაწყისიდან დასასრულამდე…  ბოლო სიტყვებად, რატომღაც, რატი ამაღლობელის ეს ლექსი მინდა დავტოვო… და დაგტოვო სამუდამოდ… აქ ამ ნოემბერში.

Туманная дорога. (© Branislav Fabijanic)

გიშვებ, სამყარო დიდი არის, კი არ გაშინებ, გიშვებ, რომ იშვე შენ ხელახლა ცის ქვეშ და მზის ქვეშ. ხელს კი არ გიშვერ, გიშვებ მეთქი, ღამის საგიშრე ტბები დამიშრა, ცრემლიც არ მაქვს, უცრემლოდ გიშვებ.

მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ ტკივილით, რაც არ გამომითქვამს–”ღმერთო მიშველე”, გიშვებ ერთადერთ ვიწრო გზაზე და ეს გზა ნიშნავს, რომ შენს საკუთარ წიაღში და სიღრმეში გიშვებ.

ბედნიერება ცრუ რწმენაა, ნუ ჩაეფლობი ამ ძველ ჭაობში, ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს, ეს მე კი არა, სიყვარულის შეუძლებლობა თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს.

 

WISE WORDS October 30, 2011

Filed under: Life, ooh Life... — likanto @ 21:27

 

One day or Cinema Alone October 27, 2011

ყველაფერ იმით დაიწყო, რომ დავრჩი “მარტო”.

ვინც ჩემს პოსტებს კითხულობთ, ისიც მოგეხსენებათ რა “დიაგნოზი” დამისვა ასტროლოგმა :) მაგრამ ეს ჰოროსკოპები იქით იყოს და საკუთარ თავთან მარტო დარჩენას მუდამ ჯგუფში ან ვინმესთან ყოფნა მერჩივნა. გარემოებებმა კი ისე მოიტანა, რომ ეს უნდა შეცვლილიყო. როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, რაღაც პერიოდია უკვე საკუთარი თავის შეცნობით ვარ დაკავებული, და დღეს, სწორედ ერთერთ შეცნობით გამოცდილებაზე უნდა მოგიყვეთ.

კონოში მარტო არასდროს ვყოფილვარ.

ნუ, ჯერ ბევრი რამეა რაც არ გამიკეთებია მარტოს, მაგრამ  კინომ განსაკუთრებით დამაფიქრა. ძალიან მომინდა ფილმის მარტო ყურება, არა ისე როგორც სახლში, კომპიუტერთან ან ტელევიზორთან. რატომღაც შემექმნა წარმოდგენა, რომ რაღაც აუხსენლი კავშირის დამყარებაა შესაძლებელი ფილმთან, მსახიობებთან, თუნდაც რეჟისორთან, როდესაც მას მარტო უყურებ დიდ ეკრანზე.

აქამდე ისე დაემთხვა, რომ ეს პატარა სურვილი ვერ ავიხდინე, მუდამ ვპოულობდი თანმხლებ პირს. დღემდე… არც ამჯერად იქნებოდა ეგ პრობლემა, მაგრამ უბრალოდ არც არავის არ ვუთხარი, რომ მე და კინოს 8 საათზე პაემანი გვქონდა.

ფილმი, რომელის ყურებაც ძალიან მინდოდა ამ ბოლო ხანებში, სწორედ ახლა გადის კინოში -ჰოდა, ბინგო!!! ჯერ კიდევ კვირას დავჯავშნე ჩემი ერთი ბილეთი და საკუთარ თავს ვუთხარი: ბოლოს და ბოლოს თუ დამეზარა, უბრალოდ არ წავალ და მორჩა!

მაგრამ მოვედი.  ფრანგულსა და კინოს შორის 1 საათი დრო მრჩებოდა, ამიტომ არც ფეხით სეირნობა დავაკელი ამ საღამოს.

ყველაზე საინტერესო, ალბათ, ბილეთის ყიდვა იყო. დახლთან სიმპატიური ბიჭი იჯდა. ვუთხარი ჩემი გვარი და ჯავშანის ნომერი. ბიჭმა შემომხედა მე… მერე დახედა კომპიუტერს – და ისევ  მე- და მეკითხება: მხოლოდ 1 ბილეთი თუ დავამატო? ღიმილით ვუთხარი, რომ არა, მხოლოდ 1 ბილეთი. მგონი მოერიდა, იმიტომ რომ თვალებში აღარ შემომხედა მეტჯერ :)

შემდეგი დილემა იყო ჩემი დიეტის და პოპ-კორნის მიმართება. გამოდის, რომ დიეტა დავარღვიე, რადგან პოპ-კორნი ავიღე, – მაგრამ იმ დღეს სადილი გამოვტოვე, და პოპ-კორნით დავაბალანსე, ასე რომ რკინის არგუმენტი საკუთარ სინდისთან მზად იყო!

და 20 წუთი რჩებოდა ფილმის დაწყებამდე.

დავჯექი კაფეში და ამ პოსტის პირველი 2 აბზაცი იქ დავწერე. თუმცა ხალხსაც ვაკვირდებოდი (რაც ზოგადად ძალიან მიყვარს).

თურმე სულაც არ ვიყავი ერთადერთი. საქმე ისაა, რომ როდესაც კინოში მიდიხარ ვიღაცასთან ერთად, ძირითადად იმ ადამიან(ებ)თან ხარ, და არ გაინტერესებს ირგვლივ რა ხდება. შესაბამისად, ვერ ამჩნევ ბევრ რამეს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ იმ კაფეში 4 ადამიანი იჯდა მარტო და ჩემსავით ელოდებოდა ფილმის დაწყებას. თავიდან გავიფიქრე, ჯერ დრო აქვთ, შეიძლება მათი +1 უბრალოდ იგვიანებს.

გადავინაცვლე დარბაზში და რადგან რეკლამებიც არ იყო ჯერ ჩართული ჩემი დაკვირვება ამჯერად აქ გაგრძელდა. საკითხი ასე დავსვი: თუ ის ხალხი ვინც კაფეში იჯდა მარტო დარბაზშიც მარტო შემოვა, ე.ი. არც არავის არ ელოდებოდნენ. და მართლაც ასე მოხდა… ჩემდა გასაოცად, იმათ გარდა კიდევ სხვებიც მოვიდნენ მარტო  და მათ დარბაზიდან ხელს არავინ არ უქნევდა. მოკლედ – ხალხი დადის კინოში მარტო და მე არც ერთადერთი, არც პირველი და არც უკანასკნელი არ ვიყავი.

ფილმიც დაიწყო… მგონი აქამდე არ მითქვამს მაგრამ კინოში One Day-ის საყურებლად მივედი: (1) იმის გამო რომ ვერსად მივაგენი, რათა გადმომეწერა, (2) წარსულში ამგვარ ფილმებზე კინოში იშვიათად დავდიოდი… დამატებით კი იმას დავამატებდი, რომ ვინც მიცნობს, იმათთვის ბევრჯერ მითქვამს: კინოში კინოს საყურებლად დავდივართ!  ეს კონკრეტულად ისეთ კომენტარების პასუხად იყო ხოლმე განკუთვნილი, ბოლო რიგთან მიმართებით რომ უჩნდებათ…

ჩემს გვერდით მარცხნივ ახალგაზრდა წყვილი იჯდა, და ამათგან ბიჭი ჩემს უნივერსიტეტში მუშაობს და ერთი ორჯერ მეგობრებთან შევხვედრილვათ, მაგრამ ძალიანაც არ შევიმჩნიე რომ ვიცნობ, და მარჯვნივ, სადღაც 45-50 წლის წყვილი. მოკლედ უკეთეს ადგილს ვერ ვინატრებდი :) ჭკვიანად იქცეოდნენ, ისინიც ჩემსავით ფილმს უყურებდნენ :)

ახლანდელი გადმოსახედიდან, რეალურად დიდი განსხვვება არ არის მარტო წახვალ თუ ვინმესთან ერთად, ყოველშემთხვევაში ჩემთვის, იმიტომ რომ (ხომ გახსოვსთ) კინოში ფილმის საყურებლად დავდივართ! :)  შეგრძნება იგივეა – კინოს უყურებ!!! გაცილებით საინტერესოა მანამდე – და მერე სიტუაციები, განსაკუთრებით კი მერე – როდესაც ფილმს განიხილავ, და რა თქმა უნდა მარტო თუ ხარ, საკუთარ თავს თუ დაელაპარაკები :) ასევე ვთვლი, რომ ფილმი არასწორად შევარჩიე – თუმცა ის ემოციები რის გამოც არასწორ არჩევნად მივიჩნევ, სადაც არ უნდა მეყურებინა, ვისთან ერთადაც არ უნდა მენახა, იდენტური იქნებოდა. … რატომ? გრძელი ისტორიაა… არ დაგავიწყდეთ, მე ის ადამინი ვარ, სასაცილო კომედიაზე რომ ვტიროდი.. ასე რომ ცოტა რეალობასთან ახლოს მდგარ ფილმებთან უარესი მემართება :) … თუმცა არა, გუშინ ნამდვილად არ მიტირია :) პირიქით, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რატომ? თავად არ ვიცი. :) იქნება ეს არის ის ემოცია, რასაც ამ მთელი გამოცდილებიდან მოველოდი!!!

ცოტა რამ ფილმის შესახებაც ვთქვათ:

—მსახიობები – ძალიან მომეწონა ორივე, განსაკუთრებით ემმას ტრანსფორმაცია მიმტანიდან მწერალ- უაღესად მიმზიდველ და სექსუალურ ქალად… საფრანგეთის და ედინბურგის სცენები – ძალიან ლამაზია :)

—სიტყვები რომელიც დამამახსოვრად : “I am alone, I am not lonely!”  ”I love you, i just don’t like you any more!” “Live your life as if Emma is still here with you. How do you think I was living past 10 years? ”  ”I need to talk to someone, not someone, – you, Em!” “She made you decent, in return you made her so happy!”

— დასასრული: მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ითქვას ჰეფი ენდით არ მთავრდება, ჩემთვის თავად ის ფაქტი, რომ ფილმი დასაწყისი სცენის გაგრძელებით მთავრდება არ ქმნის უარყოფით ემოციას. ფილმი მთავრდება დაახლოებით ამ ნოტაზე: “I’ll see you, Emma!” – “I know you will!”

 

Inspiration Thursday October 20, 2011

დღეს ბუდაპეშტში წვიმ(და)ს. და მიუხედავად იმისა რომ კალენდარზე მხოლოდ 20 ოქტომბერია, გარეთ 20 ნოემბერია. როგორც იქნა, გავიხსენე ბავშვობა და ჯერ კიდევ აგვისტოში ნაყიდი ბოტები (ე.წ. ვალინკები) ჩავიცვი:) თუმცა ჩემი დღევანდელი ამბავი, არც წვიმას და არც ბოტებს არ უკავშირდება.

რამოდენიმე დღის წინ ჩემმა ფაკულტეტმა გამოაცხადა, რომ ხუთშაბათს (ანუ დღეს) იქნებოდა ჩვენი ერთერთი მომავალი ლექტორის ლექცია. როდესაც სეუ ახალ ლექტორს სთავაზობს კურსის წაყვანას, შერჩევის პროცესი რამოდენიმე საფეხურისაგან შედგება და ერთერთი არის სახალხო ლექცია. ლექციის სათაური ასე ჟღედა: როგორ წარვმართოთ საქმე სხვადასხვა კონტინენტებზე. ვინაიდან ამ პოსტს (სურვილით) მომავალი “ლითიგეითორი” წერს, ჩემთვის ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო, ამიტომ განცხადების გაცნობისთანავე მოვინიშნე დრო და ადგილი და წავსლა გადავწყვიტე.

ჩემი გადაწყვეტილება ოდნავ შეიცვალა ამ დილით, მანამ სანამ ლექციამდე 20 წუთით ადრე ჩემმა უფროსმა არ მთხოვა (როგორც ეს ხდება ხოლმე) კვლავ პირვანდელი ინტერესი დამებრუნებინა და დავსწრებოდი ამ ლექციას.

აღმოჩნდა, რომ ლექტორი ძალიან სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი – არ აპირებდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარს. მას საკუთარი გამოცდილების გაზიარება სურდა დამსწრე მცირე საზოგადოებისათვის.

წარმოშობით სლოვინიელი, მართლაც 4 კონტინენტზე მოღვაწეობდა. ის საუბარობდა იმ კულტურულ განსხვავებებზე, რომლებიც ასე აუცილებელია იმისთვის, რომ წარმატებით წარმართო მოლაპარაკება და მიაღწიო სასურველ შედეგს. ამისათვის მას მოუხდა საკუთარი პოზიციის კბილებით დაცვა, სხვა შემთხვევებში კი, თავის სულელ ქალად მოკატუნება და საპირისპიროდ, ლიგალისტური არგუმენტების მაგივრად ღიმილით და ზრდილობით მოლაპარაკების მაგიდის საპირისპირო მხარეზე მყოფთა ენითა და სტილით ესაუბრა. კარიერა, რომელიც ახლად შექმნილი სახელმწიფოს ეკონომიკის სამინისტროდან დაიწყო, ძალიან ახალგაზრდა ასაკშივე წარმატებად ექცა. სამინისტრო ცენტრალური ბანკმა შეცვალა, ბანკის შემდეგ  კი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი იურიდიული ფირმების რიგებში გააგრძელამოღვაწეობა. მისი სივი, როგორც თვითონ ამბობს “იაპონურ ტორტს” უფრო ჰგავს, ვიდრე კარიერას, რადგან კონკრეტულად სამართალი აინტერესებდა და არა მისი რომელიმე კონკრეტული მიმართულება. ამის გამო მისი სპეციალიზაციის სფერო არ ყოფილა ვიწრო, მას ფოკუსის არქონაც კი დასწამეს, რის გამოც სამსახური დატოვა. სხვადასხვა დარგებში გამოცდილებით და პირადი შრომისმოყვარეობის ხარჯზე იმდენს მიაღწია, რომ დღეს ლონდონში საკუთარი იურიდიული ფირმა აქვს და ასაღებ საქმეებს თავად არჩევს, ამასთან კი ” არ არის შეურაცხყოფილი საკუთარი გუნდის მუშაობით და არ გრძნობს თავს პასუხისმგებლად იმ უზარმაზარი ანგარიშებისთვის, რომელსაც მისი ექს-დამსაქმებლები თავიანთ კლიენტებს წარუდგენდნე ხოლმე.”

მთავარი გზავნილი კი რაც მას ჩვენამდე უნდოდა რომ მეოტანა შემდეგში მდგომარეობს: მიუხედავად იმისა, რა არის ბაზარზე მოთხოვნადი, ტენდენციური, პრესტიჟული – აკეთეთ ის რაც მოგწონთ. არ დაიჯეროთ რომ ჩვენი პროფესია მოსაწყენია, რადგან როდესაც თქვენი თვალსაწიერი საკმარისად ფართოა, თქვენ დაინახავთ რამდენად დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა, მოვალეობა და საჭიროება არათუ კონკრეტული კომპანიის, კლიენტის, და დამსაქმებლის არამედ გარშემომყოფთათვის. და თქვენ დაიწყებთ მუშაობისაგან სიამოვნების მიღებას! საკუთარ თავზე ვიცი, რომ აკეთო ის რაც გიყვარს არ არის ილუზია. არ აყვეთ სხვათა ნებას, მარტო იმიტომ რომ შეინარჩუნოთ პოზიცია, და ნუ გადააბიჯებთ იმ მორალურ პრინცეპებს, რაც საკუთარ თავს თავად დაუდგინეთ. ნუ შეაფასებთ თქვენ ქცევებს და გადაგდმულ ნაბიჯებს დღევანდელი გადასახედით, რადგან არასდროს იცით, ეს კონკრეტული ქმედება, რა შედეგს გამოიწვევს მომავალში – შეიძლება, ხვალ ის რაც დღეს შეცდომად მიგაჩნიათ, სწორედ საპირისპირო აღმოჩნდეს. მუდამ გააკეთეთ ისე, როგორც იმ კონკრეტულ მომენტში თვლიდ არის სწორი.

ქალბატონი ანა იმდენად აღტაცებულად საუაბრობდა ამ ყველაფერზე, რომ ამაყი ვიყავი, რათაშემეძლო მეთქვა – დიახ, ჩვენ კოლეგები ვართ!

თუმცა მოვიდა ლექციის მეორე ნაწილი, როდესაც აუდიტორიას მისთვის კითხვები უნდა დაესვა. კითხვებს ისეთივე შემართებით, ენთუზიაზმითა და თავდაჯერებულობით ართმევდა თავს, როგორც თავად ლექციას (რაც არც ისე ხშირია, თავად მიხვდებით რატომაც). სვამდნენ კითხვებს  სხვადასხვა შინაარსის, ზოგადს, კონკრეტულს, პროფესიულს და პირადს. და მეც გამიჩნდა ერთი ძალიან უბრალო, პირადი კითხვა: რა იმალებოდა ამ წარმატებული იურისტის იმიჯის მიღმა, რადგან როგორც საუბრისას ახსენა: საკუთარი ფირმა იმის საშუალებას მაძლევს რომ ეხლა თქვენთან ვიყო. ბუდაპეშტში რომ არ ჩამოვსულიყავი – ლონდონში ჩემს ოფისში ვიჯდებოდი და 16 საათს ვიმუშავებდი…  - მართალია, კითხვის დასმას არც შევკადრებდი – მაგრამ უბრალოდ ხელებზე დავხედე – 40ს მიახლოვებულს, ძალიან სიმპატიურს (თუ არა ლამაზს), ძალიან სასიამოვნო მოსაუბრესა და დადებითი პიროვნებას, იმდენად დადებითს, რომ აღმაფრთოვანა – არც ერთ ხელზე არც ერთი ბეჭედი არ ეკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა არ არის დაოჯახებული. და დედუქციას თუ გამოვიყენებთ, რაც იურისტებისთვის ასე კარგად არის ცნობილი, – 16 საათი ოფისში იმის მანიშნებელია, რომ პირადი ცხოვრება იმ 8 საათს შეადგენს როდესაც გძინავს…

ამ ყველაფრამდე, ვუსმენდი და ვფიქრობდი – აი ეს არის ის რაც მე მინდა! მე მინდა ვიყო ასეთი წარმატებული, ასეთი აღმაფრთოვანებელი, სხვისთვის მაგალითისა და სტიმულის მიმცემი… იმდენად ჭკვიანია, რომ ალბათ, ჩემს 40მდე მე ეგეთი ვერ იქნები – მაგრამ მე არ მინდა ჩემი პირადი ცხოვრება ძილში გავატარო… თუმცა ეს პირველს არ გამორიცხავს… მაგრამ არის კი შესაძლებელი 2 კურდღელს დაედევნო და ორივე დაიჭირო?

 P.S. იმის თქმა დამავიწყდა, ამ ქალის დამსახურებით ბევრი ბევრი მილიონის გადახდა დაეკისრა საქართველოს ინვესტორებისათვის მიყენებული ზიანის გამო.

 

შემთხვევით პირადი ჰოროსკოპი October 16, 2011

დღეს კვირაა, და რა თქმა  უნდა, იმის მაგივრად რომ ვაკეთო ის, რაც უნდა ვაკეთო, ვიგონებ ათასნაირ თავშესაქცევს, ოღონდაც საქმით არ დავკავდე.

ამიტომაც ცოტა მივიწყებული ბლოგიც გავიხსენე და, სწორედ, დღეს მოვინდომე მისი განახლება. სხვათაშორის, ეს არც ისე სიმართლეს მოკლებულია, და კვირა დღე აქ არაფერ შუაშია. უკვე რამოდენიმე დღეა ვფიქრობ რა დავწერო. როგორც ხდება ხოლმე, რაც უფრო მეტს ვფიქრობ, უფრო ნაკლებ საინტერესოდ მეჩვენება ის რასაც ვფიქრობ.

5 წუთის წინ კი ყოვლად ნათელი იდეა მქონდა თავში, რაც შემდეგ პოსტად უნდა ქცეულიყო, და ეხლა სიტყვების ამ კორიანტელს მხოლოდ იმიტომ გესვრით, რომ ვცდილობ გავიხსენო – მაინც რა იყო ის იდეა… მართლა დამავიწყდა…

[გავიდა სადღაც 2 საათი]

გამახსენდა!!!  ეს როგორ დამავიწყდა!

თავიდან უნდა მომეყოლა რაზე მინდოდა დამეწერა ამ პერიოდში:

ვფიქრობდი, და დავიწყე კიდეც მცირე ჩანახატის გაკეთება, რომელიც აღწერდა ორი ადამიანის ისტორიას, რომლებიც ერთმანეთს შეხვდა მათთვის არა-მშობლიურ ქალაქში, სადაც მხოლოდ რამოდენიმე დღე რჩებიან და შემდეგი მოვლენათა განვითარება… მაგრამ ძალიან ბანალურად მომეჩვენა და 2 გვერდის შემდეგ მივატოვე წერა…

შემდეგ, ვფიქრობდი, დიდი ხნის წინ პასუხგაუცემელი კითხვისთვის [ან ადამიანისათვის] პასუხი გამეცა, [განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩემს ბლოგს სტუმრობს ხოლმე...] მაგრამ დროის ფუჭ ხარჯვად მივიჩნიე და ეგ იდეაც მივატოვე… თანაც გამახსენდა, რაც მინდოდა ძალიან დიდი ხნის წინ ვუთხარი…

რამოდენიმე დღის წინ, კი პოსტი მოვამზადე, მაგრამ ძალიან გულახდილი მომეჩვენა, და ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მაინც არ ვგრძნობ, რომ სწორი იქნებოდა იმ პირადი დეტალების გამოვლინება, რაც მასშია ასახული, ასე რომ დარჩა ის ჩანახატი ჩემს კომპიუტერში.

და ბოლოს, არანაკლებ პირადული, მაგრამ მაინც შესაფერისი, ერთ კონკრეტულ მოვლენაზე მინდა გავამახვილო დღეს ჩემი ყურადღება.

არ ვიცი, გჯერათ თუ არა, ან იღებთ თუ არა ჰოროსკოპს სერიოზულად, მაგრამ ჩემთვის აქვს რაღაც [მისტიური] მნიშნველობა. რა თქმა უნდა, სარკეში და თბილისელებში გამოქვეყნებულ ჰოროსკოპს არ ვგულისხმობ :) ამჯერად, პირად ჰოროსკოპზე მაქვს საუბარი, რომელიც პერსონალურად არის შედგენილი ყოველი კონკრეტული პიროვნებისათვის.

დიახ, შემთხევევით, მეც შემიდგინეს ამგვარი ჰოროსკოპი. ჩემდა გასაკვირად, 100% თუ არა, 95% ზუსტად აღწერდა ჩემს პიროვნებას, ხასიათს, სისუსტეს, სიძლიერეს, შიშებსა და იმედებს.

რა თქმა უნდა დეტალებს არ ჩავუღრმავდები [ეს პირადულობის ზღვარზე მიგვიყვანს], უბრალოდ ერთ კონკრეტულ ასპექტს გაგიზიარებთ. ჰოროსკოპს ლაიტმოტივად გასდევს შემდეგი რამ: საკუთარ თავს ჩაუღრმავდი, შეიცანი სინამდვილეში ვინა ხარ და რა გინდა! ვიცი ძალიან ზოგადია, მაგრამ დასაბუთებაც მოყვება, რომელიც გადმოცემასაც მეზარება, თანაც ეგ შორს წაგვიყვანს. შემდეგ ითქვა მსგავსი რამეები: ჩამოიყალიბე საკუთარი აზრი, საკუთარი შეხედულება, არ გინდა მუდამ ორივე პოზიციის აწონ-დაწონვა და მომრიგებელ მოსამართლედ გამოსვლა, დაიკიდე სხვები რას ფიქრობენ, რა უნდათ, წინა პლანზე დააყენე შენი სურვილები, მიზნები და ოცნებები, მყარად დადექი ფეხზე და ამ ყველაფრისკენ მიდი შენით. ისწავლე როგორ იყო დამოუკიდებელი [აქ უფრო მენტალურ და სულიერ დამოუკიდებლობაზეა საუბარი]. რაც მთავარია, იცხოვრე გონებით, და არა გულით! თუმცა არ დაივიწყო რომ სიყვარულისთვის ხარ მოვლენილი.

მოკლედ ბევრს გაგეცინებათ, ზოგიც კითხვას შეწყვეტთ, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ – სერიოზულად დავიგრუზე. ამის გარდა იქ კიდევ ბევრი რამ ითქვა [5 გვერდი, იყო არც მეტი, არც ნაკლები].

ჰოდა დავსვი კითხვა: და მაინც, როგორ უნდა გაიცნო საკუთარი თავი?

უკვე რამოდენიმე დღეა ამაზე ვფიქრობ. ალბათ, პასუხი სიკვდილამდე არ მექნება… და მაშინაც დავეჭვდები, შევიცანი კი საკუთარი თავი სიღრმისეულად?!  ერთადერთი რაც ახლა შემიძლია ვთქვა, საკუთარ თავს უფრო ყურადღებით ვექცევი :) [რა სასაცილოდ ჟღერს] ვუკვირდები იმ მოვლენებს რაც მასში ხდება… აზრთა ცვლილება, ღირებულებათა გადაფასება, სიამოვნება, ჯანმრთელობა, სულიერი სიმშვიდე… გაღიზიანება, ბრაზი, ეჭვიანობა და მარტოობა – ყველაფერს ვუკვირდები და ვცდილობ, რაღაც პატარა სიგნალებივით შევკრიბო და გავიგო რა მინდა. პროცესი ჯერ მხოლოდ ახალი დაწყებულია… უფრო სწორად მე ვიტყოდი, რომ ძალიან მალე 1 წელი იქნება რაც მიმდინარეობს…  მთელი ცხოვრების გადასახედიდან, მართლაც ახალია. უბრალოდ ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ, მაგრამ თურმე ეგეთი რამეებიც საჭირო ყოფილა :)

ყველაზე რთული მონაკვეთი იქნება ცივი გონებით ყველაფრის აღქმა. ჯერაც არ შემიძლია, თუმცა ძალიან ვცდილობ! უბრალოდ ხანდახან გონებით დანახული რეალობა ძალიან არასწორად მეჩვენება, და ემოციების ხარჯზე მინდა დავაბალანსო. მაგრამ გამოიცანით რა ხდება? გულნატკენი ისევ მხოლოდ და მხოლოდ მე ვრჩები!

ჩემი ჰოროსკოპის თანახმად, მომავალი წელი [ჩემს შემდეგ დაბადების დღემდე] იქნება ექსპერიმენტების, ცდების და დაკვირვებების პერიოდი. მოკლედ, ცხოვრება ერთი დიდი ლაბორატორია გახდება :) და სხვათაშორის, მართლაც ეგრეა… ბოლო 2 თვეა იმდენად გიჟი და ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენლად “ახალი” იყო, რომ ახლაც მეღიმება, რომ ვიხსენებ…  და თუ ეს მხოლოდ დასაწყისია, შემოიტანეთ კიდევ ცოტა მეტი :) … მომწონს თუ არა, ამაზე მერე დავფიქრდები, ამ ეტაპზე ემპირიულ მასალას ვაგროვებ – ჯერ ყველაფერი წინ არის…

 

Whale or Mermaid? October 5, 2011

Filed under: Life, ooh Life... — likanto @ 13:04

A while back, at the entrance of a gym, there was a picture of a very thin and beautiful woman. The caption was “This summer, do you want to be a mermaid or a whale?”

The story goes, a woman (of clothing size unknown) answered the following way:

“Dear people, whales are always surrounded by friends (dolphins, seals, curious humans), they are sexually active and raise their children with great tenderness.
They entertain like crazy with dolphins and eat lots of prawns. They swim all day and travel to fantastic places like Patagonia, the Barents Sea or the coral reefs of Polynesia.
They sing incredibly well and sometimes even are on cds. They are impressive and dearly loved animals, which everyone defend and admires.

Mermaids do not exist.

But if they existed, they would line up to see a psychologist because of a problem of split personality: woman or fish?
They would have no sex life and could not bear children.
Yes, they would be lovely, but lonely and sad.
And, who wants a girl that smells like fish by his side?

Without a doubt, I’d rather be a whale.

At a time when the media tells us that only thin is beautiful, I prefer to eat ice cream with my kids, to have dinner with my husband, to eat and drink and have fun with my friends.

We women, we gain weight because we accumulate so much wisdom and knowledge that there isn’t enough space in our heads, and it spreads all over our bodies.
We are not fat, we are greatly cultivated.
Every time I see my curves in the mirror, I tell myself: “How amazing am I ?! “

(The girl on the picture is French model Tara Lynn)

 

როდესაც … September 27, 2011

როდესაც ყველაფერი საბოლოოდ თავის ადგილზე გეჩვენება – უბრალოდ მშვენივრად გრძნობ თავს!

მეც სწორედ ამ მდგომარეობაში ვარ ახლა.

ხანდახან მგონია, რომ სიმშვიდემდე შორს არის… ან, თუნდაც, სრულად მიუწვდომელია… როდესაც შენც მიუწვდომელი ხარ… როდესაც საკუთარი თავი ისე ღრმად არის დამალული ზედაპირიდან რომ აღარც გახსოვს მისი არსებობა…

მაგრამ არ ვიცი… მგონი კარგა ხანია ესე არ ყოფილა. უბრალოდ, ყველაფერი თავის თაროზეა. მერე რა, რომ დისერტაცია დასაწერია, მერე რა, რომ ცხოვრება ასაწყობია… მერე რა რომ საკუთარი თავის საპოვნელად კიდევ უამრავი ბნელი ბილიკი და დერეფანი უნდა განვლო…

როდესაც იღვიძებ და შენს დანიშნულებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებ. როდესაც იცი ვინ არის შენი, შენთან, შენთვის.

როდესაც, თამამად შეგიძლია თქვა, რომ ბედნიერი ხარ. და ამას სახეზე ღიმილით ამბობ და არ კითხულობ – ეგრეა რო?!

როდესაც, უსენ მშვიდ მუსიკას, არა იმიტომ რომ გეტირება, არამედ იმიტომ რომ ის შენს სულიერ განწყობას ესალბუნება…

უბრალოდ, როდესაც ყველაფერი თავის ადგილზეა… თუნდაც ქაოტურად… თუნდაც უსიტყვოდ, თუნდაც ისე რომ ამის აღწერა და გადმოცემა არ შეგიძლია… უბრალოდ თავის ადგილზე, ისე როგორც ეს უნდა იყოს.

რაც მთავარია, როდესაც იაზრებ: და ეს მხოლოდ დასაწყისია…

სიმშვიდეს გიტოვებთ

 

ისევ წავედი… September 16, 2011

წავედი მე ხორვატიაში :) პატარა სამოთხო სახელად დუბროვნიკი მეორედ მელის უკვე :) ძალიან ლამაზი ადგილია, სადაც ვაპირებ ბევრი სურათის გადაღებას, და ჩემს შთაბეჭდილებებს ისევ გაგიზიარებთ…

მანამდე კი მთელი კვირის განწყობის ამსახველ სიმღერას გიტოვებთ…

 

 

Votre Devise September 13, 2011

დღეიდან ვაგრძელებ ჩემს ფრანგულ განათლებას … გამანაწილეს დონეზე, რომელზეც პირველი გაკვეთილით თუ ვიმჯელებთ, ძალიან ბევრი მომიწევს საკუთარ თავზე მუშაობა. ყველაზე მეტად aხლა ვაფასებ ფრანსუას ახსნას, როდესაც მეუბნებოდა – მე4 სართულზე გვაქვს თვით-სწავლის მედიათეკა, სადაც შენით ან მასწავლებელთან ერთად შეგიძლია ნებისმიერი საკითხი დაამუშავო, იქნება ეს გამოთქმა, გრამატიკა, წერა და ა.შ. მგონი მედიათეკის ხშირი სტუმარი ვიქნები…

მაგრამ დღეს ამაზე წერა არ მინდოდა… ჩვენმა მასწავლებელმა კლასის ბოლოსკენ რაღაც კითხვები დაგვისვა, რომელსაც დისკუსია უნდა გამოეწვია და უნდა გვესაუბრა. კლასში 10 მოსწავლე ვართ, აქედან საშუალო ასაკი 18-22 წელია. მასწავლებლემა დასვა მარტივი კითხვა, ყველას უნდა დაგვესახელებენია, არც მეტი არც ნაკლები, ჩვენი ცხოვრების მოტო. მე ყველა ეს მოტო ჩავიწერე:

1. მუდამ იყავი პოზიტიური!

2. არასდროს არაფერი არ ინანო!

3. იცხოვრე ამ მომენტით!

4. ყველაფერია შესაძლებელი!

5. როდესაც გჭირდება მიმართე ღმერთს და ის დაგეხმარება!

6. იცხოვრე ღიმილით!

7. იყავი გამბედავი!

8. ბევრი ჭამე!

მე-8 ჩემი ნამდვილად არ ყოფილა :) :) 2მა გაიმეორა და დაეთანხმა უკვე წარმოთქმულ ფრაზას.

მაშ, რა არის თქვენი ცხოვრების კრედო?

 

Bubble September 6, 2011

“ეს რა ფანტაზია გაქვსო!” – სულ ამბობდა ერთი ადამიანი ჩემი წარსულიდან.

და მართლაც, სადამდე მიდის ქალის ფანტაზია? როგორ ძალუძს შექმნას ვითარება, რომელიც არც კი არსებობს, და უფრო მეტიც, დააჯეროს საკუთარი თავი იმაში, რომ ამ ვითარების რეალობა, იმაზე უფრო ლოგიკურია ვიდრე ამის წარმოდგენაა შესაძლებელი.

და კვლავ, გავიხლართე ასეთ ფანტაზიაში. შევქმენი ილუზია, რომელიც არ არსებობს, რომელიც ჩანასახშივე იმდენად ილუზიურია, რომ ილუზიების ხარისხები რომ არსებობდეს გრან პრის აიღებდა..

მაგრამ ეს მე ვარ, დიდი ჯადოქარი. ვერ ვიტყვი რომ მაინცადამიანც ბედნიერება მოაქვს ამ “ნიჭს”. ისე ნიჭის საპირისპიროდ ანტი-ნიჭის გამოყენება შეგვიძლია? რაც არ უნდა ვუწოდოთ, ამ მახასიათებელს ჩემთვის კარგი ნაღდად არასდროს არ მოუტანია. და მუდამ მაინტერესებდა, ასეთი მე ვარ თუ ზოგადად, ეს ქალებისთვის დამახასიათებელი შტრიხია, რომელიც გარკვეული დოზით იჩენს თავს სხვადასხვა ადამიანში? და თუ ეგრეა, რაღა მე მაქვს ასეთი მოჭარბებული და გადაჭარბებული დოზით? მცირედითაც ხომ დავკმაყოფილდებოდი?!

მაგრამ… ასეთი ვარ და მგონი რომ მარტო არა ვარ.

ერთი სიტყვით, უკანასკნელ პერიოდში 2 სასწაულად დიდ ილუზიის ბუშტში ვცხოვრობდი. რეალურად ერთი შინაარსის, და რეალობასთან აბსოლიტურად საპირისპოროდ დანახული.

პირველი შემთხვევაში ყველაფერს ვუარყოფდი და ნეგატივისკენ მივდიოდი (და დღემდე მივდივარ, იმიტომ რომ მინდა რომ ილუზია იყოს რეალობა).

მეორეს შემთხვევაში მიმართულება ცოტა დაუდგენელი იყო, ნეგატივს ვერ ვუზოდებ, მაგრამ ვერც მიანცადამიანც პოზიტივს. მე მამხიარულებდა ამ ილუზიის ბუშტში ცხოვრება და ალბათ, მაგიტომაც იყო რომ ის არ სკდებოდა, იქამდე სანამ არ გასკდა…

საქმე ის, არის რომ ერთის გასკდომამ მეორეს ნაწილობრივი გახეთვა გამოიწვია. მიწაზე დავეცი, მაგრამ ძალიან უმტკივნეულოდ, იმდენად რომ სიცილი არ მშორდებოდა სახიდან.

ოღონდ, არ ვიცი რას ეხმაურებოდა ეს ღიმილი – იმას, რომ, უბრალოდ, უმტკივნეულო დაცემა იყო, თუ იმას რომ მეორე ილუზიის არ ქცევა რეალობა, შესაძლებლობა უქნის არსებული რეალობის პოზიტივად ქცევას მომავალში…

თითქოს ცხოვრებაც გამარტივდა, 1 ილუზიასთან შერკინება უფრო მარტივია ვიდრე მათ კოლონასთან განმკლავება…

მოკლედ, ვნახოთ როგორ წარიმართება ცხოვრება ერთ – ნახეავრად – გამსკდარ ილუზიის ბუშტში, ყოველგვარი დამატებითი დამხმარე ძალების გარეშე… შეძლებს კი ისევ ზედაპირზე ტივტივს, თუ ჩაიძირება და დამტოვებს მე პირისპირ გაურკვეველ რეალობასთან… ამას მე ვერ გეტყვით, და როგორც იტყვიან: პაჟივემ უვიდემ-ო :)

 

პირველი დღეები ევროპაში August 29, 2011

უკვე მესამე აგვისტოა, რომელსაც ბუდაპეშტში ვატარებ (სხვა თვეებთან ერთად). მე ძალიან მიყვარს კონტრასტები და პირველი შეგრძნებების გაზიარება, მერე მათი გაანალიზება და შემდეგ ჩამოყალიბებულ გრძნობებთან შედარება. შემთხვევით გადავაწყდი შარშან ჩემს ბლოკნოტს, სადაც ბუდაპეშტში პირველად ჩამოსვლისას ვაკეთებდი ჩანაწერებს. ნებისყოფამ მიმტყუნა და ბლოკნოტში მხოლოდ 3 ჩანაწერი დაიწერა, 1 თურქეთიდან, ერთიც რუმინეთიდან და ბოლო ბუდაპეშტიდან… საქმე ის არის რომ შენგენის ვიზები სტამბულში ავიღეთ, შემდეგ კი მატარებლით გავეშურეთ უნგრეთში, ამიტომაც ბევრი საათი მოგვიწია გზაში ყოფნა. მჩვევია კომენტარების გაკეთება ძველ ჩანაწერებზე, მაგრამ ამჯერად შევეცდები თავი შევიკავო ან სქოლიო გავაკეთო.

13.08.2009 – სტამბული, თურქეთი

დამთავრდა სტუდენტობა.

მიღებულია ბაკალავრის ხარისხი (თუმცა დიპლომს ველოდები მხოლოდ დეკემბერში) და LLM-ის ხანა იწყება. მასთან ერთად დაიწყო ახალი დღიური, თუმცა ამჯერად მიზანი  მისი LLM-თან ერთად დამთავრება არ არის. უფრო ვვარაუდობ, რომ ეს დღიური ჯერ კიდევ ბევრ რამეს დაიტევს. თანაც თუ გავითვალისწინებ იმას, რომ ბოლო დროს ჩემი ყურადღებით მაინცადამიანც არ ვწყალობ .

12-ში ,დილით 11-ზე თბილისიდან წამოვედით 3 მუშკეტერი. სტამბულამდე კარგი ავტობუსით ვიმგზავრეთ, ყავაც დაგვალევინეს, და ბოლოს პატარა კექსიც გვაჭამეს :)

მოკლედ 1 სთ-ით ადრე ჩამოვედით. დაგხვდა სამნო, რომელმაც ძალიან გამახარა. ავიღეთ ბუდაპეშტის ბილეთები და წავედით ვიზებზე. შეგვეშალა, რადგან საელჩოს მისამართი არ იყო სწორად მითითებული ინტერნეტში. ვაივაგლახით გავიგეთ სწორი მისამართი და ტაქსის მძღოლებიც გავამდიდრეთ.

სადილად გემრიელი რაღაც ვჭამეთ – აჭარულისა და პიცის ნაზავი. დავათვალიერეთ მაღაზიები, რადგან დიდ სავაჭრო ცენტრში იყო საკონსულო და წამოვედით.

სტამბულის დათვალიერება, როგორც ასეთი, ვერ მოვახერხეთ – მხოლოდ ტაქსიდან. ახლა სადგურში ვზივართ და ველოდებით ჩვენს მატარებელს. ჰო, სამნოს წასვლის შემდეგ, გემით ვისეირნეთ და ევროპიდან აზიაში გადავედით. თანაც ვითაღლითეთ, მეორე გზაზე ბილეთები არ აგვიღია, იმიტომ რომ გემიდან არც კი ჩამოვსულვართ. ზღვა არის საოცარი. ისეთი მწვანე და კამკამაა, ერთხანს ვფიქრობდი რა სიამოვნებით გავცურავ-მეთქი, მაგრამ…

მერე ვიყიდეთ სუვენირები. კოკამ 1 ევროიანი კოკა-კოლა იყიდა და თავს ბედნიერად გრძნობდა. შემდეგი გაჩერება, ალბათ, თურქეთ-ბულგარეთის საზღვარია, სადაც ევროკავშირშიც შევალთ… აი, ესე, მერე რუმინეთი და მერე სახლი. დროებით…

14.08.2009 – სადღაც რუმინეთში

ჰოო… ბოლოს ის იყო რომ ჯერაც თურქეთში ვიყავით. მას შემდეგ 2 საზღვარი გადავკვეთეთ და პასპორტებში 4 ახალი შტამპი გვაქვს. მატარებლის პრავადნიკს “TRI PERSONA” შევარქვით, იმიტომ რომ დასაჯდომად შუა საწოლი ავკეცეთ, თურმე ავკეცეთ და ჩავკეტეთ :) ჩვენ რა ვიცოდით, ამან კი დაგვიწყო გაბრაებულად: TRI PERSONA, TRI PERSONA. მერე გასაღები მოიტანა და გაგვიღო.

ღამე გარეთ გავედით, თურქეთის საზღვარზე, დანარჩენი ფორმალობებისთვის გარეთ გასასვლელად აღარ გაგვიმეტეს.

ბულგარეთი მატარებლის კუპედან, როგორ გითხრათ და დაუსახლებელი უფრო იყო, რაღაც კახეთის პეიზაჟები მომაგომნდა – მდელო და პატარა ბორცვები. მოგვიანებით ლამაზი ადგილებიც გამოჩნდა, – იყალთოში რო მთებია ისინი გამახსენდა… მაინც იმას ვადარებ ყველაფერს, რაც ჩვენია ან უბრალოდ, ამხელა გზაზე წამოსული ველოდი, რომ რაღაც ახალი შემხვდებოდა…

რუმინეთი - :( რავი, ერთი დიდი სოფელია… რაღაც ხაშურის მახლობლად პატარა ადგილებიო როა ისეთი… და ბუქარესტის სადგურის მიმდებარე ტერიტორია ავლაბარს გავდა :) ფანტანით, უამრავი მანქანით და მწვანე ავტობუსით. ბილეთები ჩვენს დაგეგმილ 8 საათიან მატარებელზე არ იყო. მოგვიწია 12 საათიან მატარებელზე ბილეთების აღება. მაგრამ ბოლო წამს კოკამ ნახა პრავადნიკი, რომელსაც 20 ევრო მივეცით და 8 საათიან მატარებელზე აგვიშვა- 3 საათში საკურორტო ქალაქია, ხალხში ჩამოვაო და ადგილებიც გათავისუფლებაო. ახლა ვზივარ, სადღაც სკამზე და ადგილი არ მაქვს, ხოლო ბილეთი 5 საათში რომ მატარებელი დაიძვრება იმაზე მაქვს… შეგვხვდა ძალიან საყვარელი რუმინელი :) - ადრიანი, რაღაცეებში გაგვარკვია, შოკოლადები დაგვირიგა. ახლა მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად ჩავალთ დანიშნულების ადგილზე და სახლში მალე ვიქნებით… აბაზანას წინასწარ შევხარი… ამჯერად გემშვიდობები… შემდეგი ჩანაწერი უკვე ახალი სახლიდან :)

 16.08.2009 – ბუდაპეშტი, უნგრეთი

უკვე ახალ სახლში ვარ. ბუდაპეშტი ულამაზესი ქალაქია. გუშინ ჩამოვედით. შეთანხმებისამებრ დილით დაგვხვდნენ და იმხელა სუპერმარკეტში წაგვიყვანეს ლამის დავიკარგეთ. სახლში ყველაფერი კარგად არის, ისეთივე თითქმის როგორც სურათზე იყო. რა თქმა უნდა, პატარა მინუსებიც არის, მაგრამ შევეჩვევი. ვართ ფასების დადგენის სტადიაზე, და დღის წესრიგშია კითხვა: და მაინც სად ვიშოპინგოთ? ვინაიდან ვერ გადავწყვიტეთ, წავალთ ისევ “იმხელა სუპერმარკეტში”. დილით ვიყავით CEU-ში. გზად იმდენი რაღაცა ვნახეთ და დავათვალიერეთ… ყველა შენობა ულამაზესია. CEU-სთან დიდი ბიზილიკაა, გრანდიოზული და დიდებული, მაგრამ შიგნით არ შევსულვართ, სხვა დროისთვის გადავდეთ. დუნაიზე გვინდა გასეირნება. ამ შაბათ-კვირას არის ეგ დაგეგმილი, მერე მაინც აღარ გვეცლება. ეხლა გაგრძელება მეზარება… აბა კარგად :)

12.12.2009 – ბუდაპეშტი, უნგრეთი

თამთა თბილისში მიდის და საჩუქრების ყიდვის გაწამაწიაში ვარ…

ბუდაპეშტი სულ განათებულია. ყველა შესაძლო ადგილას ნაძვები მორთულია, ყველგან საახალწლო განწყობაა… მე კი 17 დეკემბერს ველი – რომი… რომი… რომი… მანამდე კი არბიტრაჟის გამოცდა…

ცოტა უკან რომ დავბრუნდე:

CEU – არ ვიცი, როგორი წარმომედგინა, ამიტომ არ ვიცი გაამრთლა თუ არა ჩემი მოლოდინი. ვიცი ერთი, რომ მუდამ უამრავი მასალა გვაქვს წასაკითხი, სულ სამეცადინო… ნერვიულობა განსაკუთრებით საგამოცდო პერიოდში და უფრო შემდეგ, როდესაც გულისფანცქალით ველოდებით ნიშნების გამოჩენას. რეიტინგი არ უნდა გაიკითხო საერთოდ, თუ არ გინდა რომ გული გაგისკდეს…

cultural difference-ბისთვის შეიძლება ეს ჩანაწერებიდ ა დღიური ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ ვნახოთ :) ჯერ მხოლოდ 4 თვეა რაც აქ ვარ. ყველაფერს ხომ ვერ გამოვცდიდი…

ჰო.. ვცხოვრობ პეშტის მხარეში. და თუ არ ჩავთვლით ჩემს ნახევარ განაკვეთურ სამსახურს, ძირითადი ჩემი აქტივობებიც ამ მხარეშია: ანუ უნივერსიტეტი, რომელიც ჩემი ბინიდან 20 წუთის სავალზე… ჩემი ბინაც… ბინა არის 2 ოთახიანი, სამზარეულოც საყვარელია, ყველა საჭირო აღჭურვილობით – ასეთზე უარს არ ვიტყოდი თბილისში. თავად კორპუსები აქ ძალიან უცნაურია. ოთხკუთხედია, შუაში კი სიცარიელეა (ეზო). განლაგებულია ეს კორპუსი ბუდაპეშტის ერთ-ერთ ცენტრალური ქუჩის კვეთაში ტერორის მუზეუმთან. (გამოიცანით აბა ვის მხრიდან იყო ეს ტერორი… რა თქმა უნდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის).

ახლა ბუდაპეშტში ცივა. აქამდე ვძლებდი, მაგრამ მგონი უფრო და უფრო ცივდება. ამიტომ ვიყიდე: პალტო, ქუდი, შარფი, ხელთათმანები… – სულაც არა :) მეტროს 1 თვიანი ბილეთი… :) შესაბამისად, გარეთ არ ვარ ხშირად, 1.5 წუთი მეტრომდე, 5-7 მეტროდან უნივერსიტეტამდე, ესეც მხოლოდ დღეში 2ჯერ. თუ რა თქმა უნდა სადმე სხვაგან არ გავიარე…

ეხლა უკვე გვიანია, ამიტომ ტკბილი ძილი მე …

 

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 412 other followers